კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა (CTC), გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის: ,,რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში (FRLD)“ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, შეიმუშავა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების (აეგ) სფეროში საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა პროფესიული განვითარების ინტერმუნიციპალურ მოდელი.
მოდელი ეფუძნება მოხელეთა პროფესიული განვითარების სფეროში მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის რეგიონულ პრინციპს და ითვალისწინებს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სფეროში სასწავლო პროგრამების ელექტრონული ტენდერის საშუალებით ერთობლივი შესყიდვის ორგანიზებას.
სწავლების ინტერმუნიციპალური მოდელი შესაძლებელია გამოყენებული იქნას ნებისმიერ სფეროში სასწავლო პროგრამების მომსახურების შესყიდვისთვის, სადაც მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობა მიზანშეწონილია ასეთი პროგრამებისთვის დადგენილი მონაწილეთა მინიმალური რაოდენობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და ერთ მოხელეზე გაწეული დანახარჯების შესამცირებლად.
მოდელი დეტალურად აღწერს მოხელეთა სწავლების სფეროში მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის თანმიმდევრულ ნაბიჯებს. დოკუმენტს თარგების სახით ერთვის ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის მემორანდუმი, მუნიციპალიტეტებს შორის ერთობლივ შესყიდვაზე შეთანხმება და ტექნიკური დავალება, აგრეთვე, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საკითხებზე სასწავლო პროგრამების მიწოდებით დაინტერესებული საჯარო და კერძო სასწავლო დაწესებულებების სია.
2020 წელს მოდელი წარმატებით გამოიცადა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებში.
სწავლების ინტერმუნიციპალური მოდელი მომზადებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით. დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციას.