ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება გულისხმობს უფრო მეტს ვიდრე მხოლოდ ეკონომიკური ზრდა. ის წარმოადგენს მრავალგანზომილებიან კონცეფციას, რომელიც ასახავს ადგილის ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით ასპექტებს და მიზნად ისახავს არა მხოლოდ, მაგალითად, მშპ-ს მაჩვენებელით ასახულ ეკონომიკურ ზრდას, არამედ დემოკრატიას, ფუნდამენტურ პოლიტიკურ უფლებებსა და თავისუფლებას, მდგრად ეკოსისტემას, უკეთესი ცხოვრების ხარისხს ყველასთვის.
ადგილობრივი ეკონომიკური განთვითარება მონაწილეობითი პროცესია, რომელიც გულისხმობს თანამშრომლობას ადგილობრივ ხელისუფლებას, საზოგადოებას, სამოქალაქო ჯუფებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და კერძო სექტორს შორის კონკრეტულ ტერიტორიულ ერთეულში არსებული რესურსების მობილიზების, სამუშაო ადგილების შექმნის და ეკონომიკის სტიმულირებისთვის. ეს კონცეფცია ამბობს: ეკონომიკა ადგილის განვითარებისთვის და არა ადგილი ეკონომიკის განვითარებისთვის.
მსოფლიოში მმართველობის სისტემების მოდერნიზაციის და დეცენტრალიზაციის ზრდასთან ერთად, ადგილობრივი ეკონომიკური განთვითარება სულ უფრო ხშირად განიხილება, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია და საშუალება მოსახლეობის პრიორიტეტული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. და რაც უფრო ძლიერი და დამოუკიდებელია თვითმმართველობა, მით უფრო დიდია მისი როლი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სტიმულირებაში და მით უფრო ხელშესახებია განვითარების შედეგები.