მუნიციპალური მომსახურების ხარისხის თვითშეფასების ინსტრუმენტი (MUSQAT) არის საქართველოში თვითმმართველობის განვითარების კონტექსტის გათვალისწინებით შექმნილი უნივერსალური ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას აძლევს მუნიციპალიტეტებს, მარტივად მოახდინონ საკუთარი სერვისების ხარისხის დიაგნოსტიკა და დასახონ გაუმჯობესების გზები მინიმალურად აუცილებელი სტანდარტების, დოკუმენტებისა და პროცედურების განსაზღვრისთვის. ამასთან, ის ხელს უწყობს მუნიციპალიტეტებში, ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოს დაცვით სფეროებში, მინიმალური მონაცემების წარმოებას და ანალიზს, რაც აუცილებელია სტრატეგიულ და ოპერაციულ დონეზე დაგეგმვის, მონიტორინგისა და პროგრესის შეფასებისთვის.
ინსტრუმენტის მიხედვით მუნიციპალური მომსახურების ხარისხი განიმარტება, როგორც შესაბამის სფეროებში სტრატეგიული დაგეგმვის, პროცესებისა და პროცედურების არსებობა და მუნიციპალური მომსახურების ხელმისაწვდომობა, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს შესაბამისი მომსახურებით მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ან მოსახლეობის დაფარვის მასშტაბს. ინსტრუმენტი არ აფასებს სტრატეგიული დოკუმენტების, პროცესების და პროცედურების შინაარს.
ინსტრუმენტზე მუშაობისას CTC-ის ექსპერტთა ჯგუფის მიერ შესწავლილ იქნა მუნიციპალური მომსახურების ბენჩმარკის და სტანდარტების დამდგენი სხვადასხვა ინსტრუმენტები, მათ შორის მუნიციპალური მომსახურების შეფასების ISO-ს სტანდარტები, საჯარო ორგანიზაციების თვითშეფასებით გაუმჯობესების ჩარჩო CAF; გაანალიზდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები მუნიციპალურ მომსახურების მინიმალური სტანდარტებთან დაკავშირებით; ჩატარდა საკონსულტაციო შეხვედრები სხვადასხვა დარგის (გარემოს დაცვა, სოციალური, საზოგადოებრივი ჯანდაცვა) სპეციალისტებთან, აგრეთვე, მუნიციპალიტეტების, სფეროში მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციის წარმომადგენლებთან.
2019 წელს MUSQAT-ის პილოტირება მოხდა საქართველოს 16 მუნიციპალიტეტში. პილოტის შედეგების გათვალისწინებით, 2020 წელს, ევროკავშირის მხარდაჭერით, ავსტრიის საჯარო მმართველობის კვლევების ცენტრის (KDZ) ექსპერტებთან ერთად, განხორციელდა ინსტრუმენტის გადახედვა და მისი მეორე რედაქციის შემუშავება. განახლებული რედაქციით 2020 წელს კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში განხორციელდა სერვისების თვითშეფასება და მომზადდა სერვისების გაუმჯობესების 2 წლიანი გეგმები.
MUSQAT-ი ეფექტური გამოყენებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისთვის შემუშავებულია შესაბამისი სახელმძღვანელო, რომელიც მოიცავს ინსტრუმენტის მიზანს და აღწერას, თვითშეფასების მეთოდოლოგიას, თვითშეფასების მატრიცას, თვითშეფასების ანგარიშის თარგს და გაუმჯობესების გეგმის თარგს.