დაიწყო ადგილობრივი თვითმმართველობის ერთიანი ეროვნული შეფასება

2021 წლის 5 აპრილიდან დაიწყო საქართველოს მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების ერთიანი ეროვნული შეფასება ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით, რომლის მიზანია, საქართველოში გამჭვირვალე და მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება. აღნიშნული შეფასება რიგით მესამეა, მეორე და პირველი შეფასების შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ww.lsgindex.org.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი მოიცავს შეფასების მეთოდოლოგიას და მთელ რიგ კრიტერიუმებს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების, ელექტრონული მმართველობის, მოქალაქეთა მონაწილეობის და ანგარიშვალდებულების სფეროებში. 

შეფასების პროცესი ძირითადად დაეფუძნება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ და მუნიციპალიტეტიდან მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციებს.

შეფასების შედეგები განთავსდება ვებ-გვერდზე: www.lsgindex.org, ყველა მუნიციპალიტეტს ექნება საკუთარი შედეგების გაცნობის და შენიშვნების გამოთქმის შესაძლებლობა. შეფასების ჯგუფი ინდივიდუალურად განიხილავს თითოეულ შენიშვნას და შესაბამისი დასაბუთების არსებობის შემთხვევაში ასახავს ცვლილებებს შესაბამის შედეგებში.

აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ, მომზადდება შეფასების საბოლოო ანგარიში და საჯაროდ გამოქვეყნდება საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭირვალობისა და მოქალაქეთა მონაწილეობის ერთიანი ეროვნული რეიტინგი, რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტების კლასიფიკაციას შეფასების შედეგების მიხედვით.

შეფასება ხორციელდება პროექტის – ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი – 2021 ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ და  „მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი“. პროექტი ხორციელდება ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin