ადვოკატირების საგრანტო პროგრამის შედეგები

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, ადვოკატირების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, მხარს უჭერს კახეთის რეგიონში  მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებას. ამ მიზნით, 16 ადგილობრივი ორგანიზაცია ახორციელებს ადვოკატირების ინიციატივებს. პერიოდულად წარმოგიდგენთ მათი წარმატების ისტორიებს.

ამ დროისთვის სამმა ორგანიზაციამ დაასრულა მუშაობა და გიზიარებთ მათ შედეგებს.

  • სიღნაღის მუნიციპალიტეტში ადგილობრივმა ორგანიზაციამ: ,,სამოქალაქო ინიციატივა“-მ სოფელ მაჩხაანის თეატრის ჭერის შეკეთება დაისახა მიზნად. IXX საუკუნის ბოლოს, თეატრი მაჩხანელების ძალისხმევით აშენდა. თეატრის გახსნას დაახლოებით ათწლიანი საქველმოქმედო ღონისძიებები უძღოდა წინ, სოფელში წარმოდგენები იმართებოდა, შემოსული თანხა კი თეატრის მშენებლობას ხმარდებოდა.

    დღეს თეატრის უნიკალური შენობა მძიმე მდგომარეობაშია. განსაკუთრებულ პრობლემას ჩამონგრეული ჭერი ქმნის. ადვოკატირების ინიციატივის ფარგლებში ადგილობრივი ახალგაზრდებისა და სოფლის მოსახლეობის აქტიურობის შედეგად სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია 2021 წლის ბოლომდე მაჩხაანის თეატრის ჭერს შეაკეთებს.

  • გურჯაანის  მუნიციპალიტეტში, ორგანიზაცია ,,Life Line“-მა აქტიურად იმუშავა შშმ ახალგაზრდების ინტეგრაციისა და მათი სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში მონაწილეობის მიზნით ადილობრივი გარემოს გაუმჯობესებისთვის. ადვოკატირების შედეგად გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში  თანხები გამოიყოფა შშმ პირთა სპორტული და კულტურული ღონისძიებების დაფინანსებისათვის.

  • საგარეჯოში სოლომონ დოდაშვილისა და 9 აპრილის ქუჩები მჭიდროდ დასახლებული პუნქტებია, თუმცა სავალი ნაწილის მოწესრიგებამ გამოიწვია ავტო-სატრანსპორტო საშუალებების სიჩქარის მატება, რაც საფრთხეს ქმნის ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ადვოკატირების ფარგლებში, ახლადდაფუძნებულმა ორგანიზაციამ  ,კარპე დიემ“-მა განახორციელა ადვოკატირების ინიციატივა აღნიშნულ ქუჩებზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერებისა და საინფორმაციო ბანერების განთავსების მიზნით. შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტში საგზაო ნიშნებისა და სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მოწყობისთვის გამოყოფილი თანხის ნაწილი დაეთმო  ს. დოდაშვილისა და 9 აპრილის ქუჩებზე შემზღუდავი ბარიერების დამონტაჟებას.

საგრანტო პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პროექტის: ,,მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტი’’-ს (MUSQAT) ფარგლებში.