ადვოკატირების საგრანტო პროგრამის შედეგები

ადვოკატირების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, კიდევ რამდენიმე ორგანიზაციამ დაასრულა მუშაობა ადვოკატირების ინიციატივებზე, რომლებიც კახეთის რეგიონში  მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.  სიამოვნებით წარმოგიდგენთ მათი წარმატების ისტორიებს:

  • სიღნაღის მუნიციპალიტეტში ორგანიზაციამ ,,ირის ჯგუფი-მრავალფეროვანი მართვა”  აქტიურად იმუშავა სოფლებში: ნუკრიანი და ზემო მაღარო, რათა ხელი შეეწყო ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისთვის თვითმმართველობის კომპეტენციებისა და  საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე.  შედეგად ადგილობრივმა მოსახლეობამ მოამზადა ინიციატივები უსაფრთხო გადასასვლელების, მანქანის საპარკინგე ადგილებისა და სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მოწესრიგების მიზნით, რომელიც მიეწოდა სიღნაღის მერიას.  სიღნაღის მერია მზად არის 2022 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნეს აღნიშნული ინიციატივების ნაწილი.
  • ახმეტის მუნიციპალიტეტში სათემო ორგანიზაციამ „მატანი XXI“  აქტიური ადვოკატირება გასწია სახელმწიფო ზრუნვიდან ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნებული პირებისთვის შესაბამისი მუნიციპალური პროგრამის შეთავაზების მიზნით. შედეგად ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნეს სახელმწიფო ზრუნვიდან ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნებული პირებისთვის მხარდაჭერის სერვისები. მათ შორის პირველ რიგში დაზუსტდება ახმეტის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ზრუნვიდან დაბრუნებული პირების სიები და დაიგეგმება  მათი და მათი ბიოლოგიური ოჯახის წევრების პროფესიული გადამზადების ხელშეწყობისა და საჭიროებისამებრ სხვა მხარდაჭერის პროგრამები.
  • თელავში კახეთის სამოქალაქო ლიგა-მ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე ორიენტირებული ადგილობრივი პოლიტიკის ფორმირების ხელშეწყობის მიზნით ადვოკატირების ინიციატივა განახორციელა. მათ შეისწავლეს თელავის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლების ცნობიერების დონე ქალების ეკონომიკური გაძლიერების მხრივ არსებული შესაძლებლობების შესახებ. კვლევაზე დაყრდნობით კი თელავის  გენდერულ საბჭოს წარუდგინეს კონკრეტული რეკომენდაციები თუ როგორ აისახოს ადგილობრივ ბიუჯეტში ქალთა საჭიროებები. მათ გენდერული საბჭოს ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად ასევე მომზადეს  საბიუჯეტო წინადადებების დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნა მერიას განსახილველად. შედეგად თელავის მერია გამოხატავს მზაობას თელავის მუნიციპალიტეტის 2022  წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნეს რიგი რეკომენდაციები.
  • თელავში შშმ ბავშვთა მშობელთა კავშირმა: ,,ლამპარი’’ შშმ პირთა აქტიური ჩართულობით მოამზადა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებაზე მორგებული სოციალური სერვისის პროექტი, როგორც საბიუჯეტო პროგრამა და განსახილველად წარუდგინა თელავის მერიას.   ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს პროექტის განხილვა და მერია მზად არის 2022 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნეს შშმ პირთა მხარდაჭერის დამატებითი პროგრამა.
  • ახმეტაში, ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ მომზადდა მოწყვლადი ჯგუფების ინტერესებზე მორგებულ სოციალური პროგრამების გრძელვადიან სამოქმედო გეგმა. განხორციელებული კამპანიის შედეგად მუნიციპალიტეტი აქტიურად იყენებს შემუშავებულ სამოქმედო გეგმას და ადვოკატირების ქსელის მეშვეობით ორმხრივი თანამშრომლობის პრაქტიკის შედეგად სხვადასხვა საჭიროებების მქონე მოქალაქეებს აწვდის სათანადო დახმარებას. შედეგად შეიცვალა და გაუმჯობესდა სოციალური მომსახურებების შემუშავება/მიწოდების პრაქტიკა ახმეტის მუნიციპალიტეტში.

საგრანტო პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პროექტის: ,,მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტი’’-ს (MUSQAT) ფარგლებში.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin