ადვოკატირების საგრანტო პროგრამის შედეგები

დასრულდა ადვოკატირების საგრანტო პროგრამა კახეთის მუნიციპალიტეტში, რომლის ფარგლებშიც 16 ადგილობრივი ორგანიზაცია ახორციელებდა ადვოკატირების ინიციატივებს მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით.  უკვე გაეცანით 13 ორგანიზაციის შედეგებს, დღეს კი სიამოვნებით წარმოგიდგენთ ბოლო ოთხი ორგანიზაციის წარმატების ისტორიებსაც:

  • ლაგოდეხში ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG) აქტიურად იმუშავა ხანდაზმულთათვის შინმოვლის სერვისის შეთავაზების ინიციატივაზე. მათ კვლევაზე დაყრდნობით გამოკვეთეს არსებული საჭიროებები და რეკომენდაციათა პაკეტი წარუდგინეს მერიასა და საკრებულოს. წარდგენილი წინადადებები ითვალისწინებს 2022 წელს უფასო სასადილოდან სადილის შინ მიტანის სერვისსა და შშმ და მარტოხელა ხანდაზმულთა პირების შინმოვლის სერვისს.  ადგილობრივი თვითმმართველობა მზად არის წარდგენილი რეკომენდაციები ასახოს 2022 წლის ბიუჯეტში. ამასთანავე, ორგანიზაციის ძალისხმევის შედეგად უფასო სასადილოს ბენეფიციარებს დაემატება 7  ადამიანი,  რომლებსაც არ ჰქონდათ ინფორმაცია და ვერ  სარგებლობდნენ აღნიშნული სერვისით. გარდა ამისა, შეიქმნა მოხალისეობრივი საქმიანობის პრეცენდენტი: დარეგისტრირდა 10 მოხალისე, რომლებიც დახმარებას უწევენ მარტოხელა და შშმ მოხუცებს და უფასო სასადილოებიდან მათთვის პერიოდულად დააქვთ საკვები.

  • დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ,ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია”-მ განახორციელა საინფორმაციო კამპანია დასუფთავებისა და მყარი ნარჩენების გატანის სერვისის გაუმჯობესების მიმართულებით.  მათ ნარჩენების მართვის გაუმჯობესების რეკომენდაციებითა და ნარჩენების რეციკლირების ინიციატივით მიმართეს მერიას. დედოფლისწყაროს მერია გამოხატავს მზაობას  თანამშრომლობის გაგრძელებაზე ვაშლოვანის მეგობართა ასოციაციასთან, პროექტის მიერ მომზადებული რეკომენდაციების განხორციელების კუთხით. პროექტის ფარგლებში ადგილობრივი მოქალაქეების ჩართულობით ასევე დასუფთავდა არწივის ხეობა და წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის მონასტრის მიმდებარე  წიწვნარი ტყე.

  • თელავში ახლადდაფუძნებულმა ორგანიზაციამ ,,ანტიმონოპოლიური პოლიტიკის მონიტორინგის ცენტრი” იმუშავა თელავის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური ტრანსპორტის გაუმჯობესების საკითხებზე.  მათ კვლევაზე დაყრდნობით თელვის მერიას  შესთავაზეს რეკომენდაციები სერვისის გაუმჯობესებისთვის, მათ შორის  ახლად შეძენილი სამგზავრო ავტობუსების ეფექტურად მუშაობის მიმართულებით. თელავის მერია მზად არის გაითვალისწინოს მათი რეკომენდაციები, ამ მიზნით მათ თანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმეს.

  • ახმეტის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრი 5 თვის მანძილზე ახორციელებდა  სოფელ ომალოში წყლის პრობლემის მოგვარების მიზნით ადვოკატირების ღონისძიებებს. შედეგად, წელს მთის ფონდის დაფინანსებით დაიწყო და 2022 წელს დასრულდება სოფელ ომალოს წყალსადენის სათავე ნაგებობისა და ქსელის სრული რეაბილიტაცია.

საგრანტო პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პროექტის: ,,მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტი’’-ს (MUSQAT) ფარგლებში.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin