კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) მხარდაჭერით კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში ადგილობრივმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა განახორციელეს პროექტები ადგილზე მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით.
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია ,,სპექტრს“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივ თვითმმართველობასა და ბიზნესებს შორის თანამშრომლობის პლატფორმის შექმნა ჰქონდა მიზნად დასახული. პროექტის ფარგლებში გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი ადგილობრივ ორგანიზაციას, მუნიციპალიტეტსა და ადგილობრივ ბიზნესებს შორის, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრა ერთობლივი შეხვედრებისა და ბიზნეს ფორუმების ორგანიზება, ამასთანავე მუნიციპალიტეტი იღებს ვალდებულებას განახორციელოს ბიზნესების ხელშემწყობი საბიუჯეტო პროგრამები.
გარდა ამისა, თანამშრომლობის პლატფორმის ფარგლებში, ადგილობრივმა თვითმმართველობამ მოისმინა ბიზნესების საჭიროებები და გამოხატა მზაობა მათი მოგვარების ინსტრუმენტები ასახული იქნეს შემდეგი წლის საბიუჯეტო პროგრამებში.
მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტის (MUSQAT) გამოყენებით მომზადდა საგარეჯოს მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასებისა და მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების 2 წლიანი გეგმის მონიტორინგის ანგარიშები.
საგრანტო პროგრამა განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პროექტის: ,,მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტი’’-ს (MUSQAT) ფარგლებში.