კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) მხარდაჭერით კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში ადგილობრივმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა განახორციელეს პროექტები ადგილზე მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი – (LAG) ახალგაზრდული პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით მუშაობდა ადგილობრივ ბიზნესებთან, თვითმმართველობასა და ადგილობრივ ახალგაზრდებთან.
LAG-ის აქტიური ჩართულობით მომზადდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტები: 2021-2025 წ. წ. მუნიციპალური სტრატეგია და სტრატეგიის 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელიც გადაეცა მუნიციპალიტეტის მერიას ახალი მოწვევის საკრებულოზე წარსადგენად და დასამტკიცებლად. სტრატეგიაში ინტეგრირებულია პროექტის ფარგლებში ადგილობრივ ბიზნესებთან და ახალგაზრდებთან შეხვედრებისა და კონსულტაციების შედეგად გამოვლენილი საჭიროებები და რეგიონისთვის მოთხოვნადი პროფესიების ჩამონათვალი, რომელთა ხელშეწყობასაც ისახავს მიზნად მუნიციპალიტეტი. სტრატეგია ითვალისწინებს, ასევე, პროფესიულ სასწავლებლებსა და დამსაქმებლებს შორის კადრების მოთხოვნა-მიწოდებაზე დამყარებული თანამშრომლობის წახალისებაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს.
ამასთანავე, მუნიციპალიტეტი იღებს ვალდებულებას, შემუშავდეს ქალების და ახალგაზრდების დასაქმების ხელშემწყობი მუნიციპალური პროგრამა, მათ შორის გათვალისწინებული იქნეს სტარტაპებისა და ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა.
მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტის (MUSQAT) გამოყენებით, ასევე, მომზადდა დედოფლისწყაროს მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასებისა და მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების 2 წლიანი გეგმის მონიტორინგის ანგარიში.
საგრანტო პროგრამა განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პროექტის: ,,მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტი’’-ს (MUSQAT) ფარგლებში.