კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) ორგანიზებით, 2022 წლის 11 აპრილს გაიმართა ონლაინ ღონისძიება ადგილობრივ თვითმმართველობებში ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის პროცედურული სახელმძღვანელოს სამუშაო ვერსიის განხილვის მიზნით.
სახელმძღვანელო შემუშავებულია CTC-ის მიერ და ეფუძნება „მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა უკუკავშირისა და ადმინისტრაციული საჩივრის მექანიზმის განვითარების კონცეფციაში“ ჩამოყალიბებულ ხედვას.
დოკუმენტი ადგილობრივ თვითმმართველობებს სთავაზობს ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების სარეკომენდაციო მიდგომებსა და პროცედურებს და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებების მიმართ მოქალაქეების ნდობის გაძლიერებასა და ადმინისტრაციული საჩივრების მუნიციპალური მომსახურების ხარისხის თვითკონტროლისა და მისი გაუჯობესების ინსტრუმენტად ტრანსფორმაციას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კონცეფციის შემუშავებაში ჩართული სხვადასხვა მუნიციპალიტეტის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ღონისძიება ჩატარდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის – კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში (GGLD) – მხარდაჭერით.