კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით, 2022 წლის ივლისი-აგვისტოს პერიოდში, განახორციელებს ექსპერტულ მომსახურებას იმერეთის, ქვემო-ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში საჯარო მოხელეთა სწავლების სფეროში ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით.
დაკვეთის ფარგლებში, CTC ექსპერტულ მომსახურებას გაუწევს სამიზნე რეგიონებში შემავალ 23 მუნიციპალიტეტს, ერთობლივი შესყიდვის გზით განახორციელონ საკუთარი პროფესიული განვითარების გეგმები, შეიძინონ გეგმით გათვალისწინებული სასწავლო პროგრამები და გადაამზადონ საჯარო მოხელეები.
ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის მოდელი CTC-იმ 2019 წელს შეიმუშავა UNDP-ის მხარდაჭერით. 2020 წელს მოდელი წარმატებით დანერგა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო 2021 წელს – კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში.