ადგილობრივ თვითმმართველობებში უკუკავშირის მართვის პროცედურული სახელმძღვანელოს სამუშაო ვერსიის განხილვის ღონისძიება

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის  (CTC) ორგანიზებით, 2022 წლის 19 ივლისს გაიმართა ონლაინ ღონისძიება ადგილობრივ თვითმმართველობებში უკუკავშირის მართვის პროცედურული სახელმძღვანელოს  სამუშაო ვერსიის განხილვის  მიზნით. 

დოკუმენტი შემუშავებულია CTC-ის მიერ და ეფუძნება „მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა უკუკავშირისა და ადმინისტრაციული საჩივრის მექანიზმის განვითარების კონცეფციაში“ ჩამოყალიბებულ ხედვას.

სარეკომენდაციო სახელმძღვანელო მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტებში მომხმარებელთა უკუკავშირის მიღების კოორდინირებული და მდგრადი პროცესის ჩამოყალიბებას, რომელიც მიმართულია მუნიციპალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე. სახელმძღვანელო განსაზღვრავს უკუკავშირის ზოგად კონცეფციასა და მომსახურების ხარისხის, გვთავაზობს უკუკავშირის განმარტებას, მის ძირითად მიზანსა და სტრუქტურას. სახელმძღვანელოში ასევე აღწერილია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე მიზანმიმართული მომხმარებელთან უკუკავშირის მოდელი და პროცესები, რომელიც უზრუნველყოფს მოდელის დანერგვას და ეფექტურად ფუნქციონირებას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კონცეფციის შემუშავებაში ჩართული სხვადასხვა მუნიციპალიტეტის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

ღონისძიება ჩატარდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის – კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში (GGLD) – მხარდაჭერით.