კვლევის ონ-ლაინ პრეზენტაცია „საჯარო სკოლების რეაბილიტაციის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების პრაქტიკა საქართველოში“

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის სკოლა-ლაბის პროგრმის მიერ 2023 წლის 20 ოქტომბერს დაინტერესებული პირებისათვის ჩატარდა კვლევის ონ-ლაინ პრეზენტაცია „საჯარო სკოლების რეაბილიტაციის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების პრაქტიკა საქართველოში“. კვლევის შედეგები წარმოადგინა მისმა ავტორმა თამარ უზუნაშვილმა. თამარი საჯარო მმართველობის მაგისტრია და სიტისის სკოლა ლაბის ახალგაზრდა მკლევართა პროგრამის მონაწილე. საჯარო სკოლების რეაბილიტაციის უფლებამოსილების დელეგირება 2019 წელს განხორციელდა და მოიცვა მუნიციპალიტეტების დიდი წილი, გარდა თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა. წარმოდგენილი კვლევა აღნიშნული კომპეტენციის დელეგირების შედეგებს და მისთვის დამახასიათებელ პრაქტიკებს შეისწავლის სამი მუნიციპალიტეტის (გურჯაანის, სამტრედიისა და ქობულეთის) შედარებითი ანალიზის საფუძველზე გვთავაზობს. კვლევის ფარგლებში მუნიციპალიტეტებისათვის დამახასიათებელი ხუთი თავისებურება გამოიკვეთა, რაც შეეხო ტენდერების რაოდენობას, კომუნიკაციის ტიპს, სკოლების ჩართულობას, მანძილისა და დროის შემცირებასა და კადრების კვალიფიკაციის საკითხებს. მართალია, გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოსა და სკოლას შორის მანძილის შემცირება პრობლემაზე რეაგირების დროს ამცირებს, თუმცა რადგან მუნიციპალიტეტში მრავალი ინფრასტრუქტურული ტენდერი ტარდება და იმავდროულად ადგილზე მწირია კვალიფიციური, სპრეციალიზირებული კადრები, პრობლემის იდენტიფიკაციიდან მის მოგვარებამდე რეალური დრო, რეაგირების სისწრაფის მიუხედავად, მაინც მეტწილად უცვლელია. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტებისა და რესურსცენტრების ერთ ქალაქში და ხშირად ერთ შენობაში განთავსება კომუნიკაციას ბევრად ამარტივებს. რაც შეეხება სკოლების ჩართულობას, აღმოჩნდა, რომ მუნიციპალიტეტების შემთხვევაში უკუკავშირი მეტად არაფორმალურ სახეს ატარებს და არ არსებობს მისი განხორციელების რაიმე დამკვიდრებული მექანიზმი. დელეგირება განხორციელდა ოპტიმიზაციის მიზნით, რომ შემცირებულიყო ხარჯები, დრო, მანძილი, გაუმჯობესებულიყო მხარეებს შორის ეფექტური კომუნიკაციის შედეგად ხარისხიც. თუმცა საგულისხმოა, რომ დელეგირების პირობებში განხორციელდა მხოლოდ სარეაბილიტაციო პირდაპირი ხარჯების გადაცემა და არ მოხდა მუნიციპალიტეტებისათვის დამატებითი ვალდებულების პირობებში საჭირო ადმინისტრაციული თუ ადამიანური რესურსების გამოყოფა, რაც აღნიშნული რეფორმის მთავარ გამოწვევად რჩება.