საზოგადოებრივი ორგანიზაციები საჯარო ანგარიშვალდებულებისთვის ​

“””საზოგადოებრივი ორგანიზაციები საჯარო ანგარიშვალდებულებისთვის” – ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრმა განახორციელა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” ფარგლებში.

აღნიშნული კომპონენტი მიზნად ისახავდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაძლიერებას. საწყის ეტაპზე საჯარო ანგარიშვალდებულების თემაზე განხორციელდა ვებინარების სერია სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი ორგანიზაციებისათვის. საკითხის წარმოჩენისთვის გამოყენებულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის (www.lsgindex.org) სტანდარტები. ვებინარზე მიღებული ცოდნის გამოყენებით მონაწილეებმა მოახდინეს ამ სფეროში არსებული პრობლემების იდენტიფიკაცია და შეიმუშავეს საპროექტო განაცხადები საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის. შეირჩა და დაფინანსდა თითო პარტნიორი ქვეყნის ათივე რეგიონში.

ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით პარტნიორმა ორგანიზაციებმა ერთი მხრივ გაუწიეს ტექნიკური დახმარება მერიების და საკრებულოების შესაბამის სამსახურებს ანგარიშვალდებულება – გამჭვირვალობის სისტემის გაუმჯობესებაში (სწავლება, კონსულტაცია, მხარდაჭერა შესაბამისი ნორმატიული აქტების შექმნაში, ვებგვერდის განვითარება და სხვა), მეორე მხრივ იმუშავეს ადგილობრივ მოსახლეობასთან საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებზე (ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები, სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებები და სხვა).

პროექტში ჩართული ორგანიზაციები​​

გურიის სამოქალაქო ცენტრი

სამოქალაქო ინიციატივა

კომლი

სამეგრელოს ხმა

რაჭა-რელჩუხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის გავითარების ასოციაცია

ყაზბეგის განვითარების ფონდი

ქვემო ქართლის მედია

ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრი

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია

იმერეთის წარმომადგენლობა

ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი

ჯამში პარტნიორი ორგანიზაციების მიერ დაიფარა

0
მუნიციპალიტეტი

განხორციელებული პროექტების ფარგლებში შეიქმნა 3 ახალი ვებგვერდი: ნინოწმინდის (www.ninotsminda.gov.ge), ახალქალაქის (www.akhalkalaki.gov.ge) და კასპის (new.kaspi.gov.ge) მუნიციპალიტეტებისთვის; ამუშავდა მრჩეველთა საბჭოები ახალქალაქის, ნინოწმინდის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში; შეიქმნა გენდერული საბჭოები ახალქალაქის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში; კასპის მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა ახალგაზრდული საბჭო; მომზადდა ქობულეთის, ბათუმის და ხელვაჩაურის მუნიციპაიტეტებისთვის გზამკვლევი მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმების შესახებ; ასევე ქობულეთის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებისთვის 2023 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის ადაპტირებული ვერსია, რომელიც გამოქვეყნდა ვებ-გვერდზე. აგროტურიზმის განვითარების ცენტრმა რაჭა ლეჩხუმის მუნიციპალიტეტებისთვის შეიმუშავა საჯარო ინფორმაციის კალენდარი, სადაც შესაბამისი ტრენინგების ჩატარების შემდეგ ამბროლაურის, ონის, ცაგერის და ლენტეხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა გადაიტანეს ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების თარიღების შესახებ. სამეგრელოს ხმის მხარდაჭერით მესტიის მუნიციპალიტეტმა ცვლილება განახორციელა „მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულების მიერ საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში, რომლის მიხედვითაც გამოქვეყნებას დაექვემდებარა საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი ინფორმაცია, რომლის შესახებაც წლის განმავლობაში საჯარო დაწესებულებას მოთხოვნით მიმართა 5 (ხუთმა) და მეტმა განმცხადებელმა.

რაც მთავარია, ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, პროექტის სამიზნე 29 მუნიციპალიტეტის საშუალო შედეგი 37%-ია, რაც 8%-ით აღემატება დანარჩენი 35 მუნიციპალიტეტის ანალოგიურ მაჩვენებელს (29%). ამასთან, გაუმჯობესების საშუალო მაჩვენებელი, 2021 წლის ინდექსის კვლევის შედეგებთან მიმართებით, სამიზნე მუნიციპალიტეტების შემთხვევაში 12%-ია, მაშინ როდესაც დანარჩენ, არასამიზნე მუნიციპალიტეტებში გაუმჯობესება (საშუალო) არ მომხდარა.

პარტნიორი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ განხორციელებულმა პროექტებმა რეალურად გაზარდა ინდექსის ცნობადობა, აგრეთვე, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტების და კარგი პრაქტიკების ცოდნა როგორც მუნიციპალურ მოხელეებში, ისე არასამთავრობო სექტორში. მიუხედავად ამისა, პროექტების გამოცდილებამ აჩვენა, რომ კვლავ დაბალია მუნიციპალიტეტის პირველი პირების და საკრებულოს წევრების ინფორმირებულობა ადგილობრივი თვითმმართველობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტებისა და წარმატებული მაგალითების შესახებ და ამ მიმართულებით მეტი ძალისხმევაა საჭირო.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების გავლით, ინდექსის სტანდარტებზე და მეთოდოლოგიაზე დაფუძნებულმა მუშაობამ მუნიციპალიტეტებთან კარგი შედეგები გამოიღო. ერთის მხრივ, გაიზარდა პროექტის პარტნიორი რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამოცდილება ადგილობრივი თვითმმართველობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტებში, მონიტორინგისა და კვლევის მეთოდებში, ხოლო მეორეს მხრივ, გაუმჯობესდა ინდექსის სტანდარტების ცნობადობა მუნიციპალიტეტებში, გაუმჯობესდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პრაქტიკა.