2022 წელს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) მიერ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ (GGLD) დაკვეთით შემუშავდა „მოქალაქეთა უკუკავშირისა და ადმინისტრაციული საჩივრის მექანიზმის განვითარების კონცეფცია“. დოკუმენტი მოიცავს მომხმარებელთა ფორმალური და არაფორმალური უკუკავშირის მართვის სფეროში საქართველოს მუნიციპალიტეტების გამოცდილებას, კანონმდებლობისა და პრაქტიკის გამოწვევებს და რეკომენდაციებს. კონცეფციაზე დაყრდნობით იმავე 2022 წელს მომზადდა „მუნიციპალიტეტებში უკუკავშირის მართვის სახელმძღვანელო“. სადაც დეტალურად აღწერილია მუნიციპალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული უკუკავშირის მოდელი, მისი მართვისა და საინფორმაციო მხარდაჭერის ძირითადი ასპექტები.
2024 წელს, კვლავ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა აღნიშნული მოდელის პილოტირება ფოთის მუნიციპალიტეტში. კერძოდ, შემუშავდა და დაინერგა ფოთის მუნიციპალური ტრანსპორტისა და საცურაო აუზის მომხმარებელთა უკუკავშირის მართვის მოდელები.
პირველ ეტაპზე, აღნიშნულ სფეროებში დადგენილი საკანონმდებლო და მუნიციპალური რეგულაციების, არსებული სტანდარტებისა თუ მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების საფუძველზე, მოქალაქეთა ჩართულობით, შემუშავდა და გამოქვეყნდა მუნიციპალური ტრანსპორტისა და მუნიციპალური საცურაო აუზის მომსახურების ხარისხის განაცხადები. მათი მიზანია მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმართვა, ცოდნისა და ცნობიერების გაზრდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია მოცემულ სფეროში მუნიციპალური მომსახურების ხარისხი და როგორ შეიძლება ჩაერთოს თავად მომხმარებელი მომსახურების ხარისხის შენარჩუნებასა და გაუმჯობსესებაში.
პარალელურად, ფოთის მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარებისა და ინოვაციების სამსახურთან, სხვა დარგობრივ სამსახურებთან, სატრანსპორტო კომპანიასთან და მრავალფუნქციურ საცურაო კომპლექსთან თანამშრომლობით, შემუშავდა მუნიციპალური ტრანსპორტის და საცურაო აუზის მომხმარებელთა უკუკავშირის კონკრეტული მოდელები. კერძოდ, ორივე სერვისის მიმართულებით განისაზღვრა ფორმალური და არაფორმალური უკუკავშირის ფორმები და წყაროები, უკუკავშირის მიღებასა და დამუშავებაზე პასუხისმგებელი უწყებები, აღიწერა უკუკავშირის პროცესები, უკუკავშირის მიღების, რეგისტრაციის, ანალიზის, გამოყენებისა და ანგარიშგების პროცედურები. მომზადდა შესაბამისი სამართლებრივი ბაზა. შემუშავდა უკუკავშირის რეგისტრაციის, რეაგირებისა და ანგარიშგების ელექტრონული ფორმა, რომელიც იმართება გაზიარებული დოკუმენტის სახით და მუნიციპალიტეტისთვის საინტერესო ჭრილში (გენდერი, ასაკი, უკუკავშირის სახე, უკუკავშირის წყარო და სხვა) ავტომატურად აგენერირებს მომხმარებლებიდან შემოსულ ინფორმაციას და ახდენს შედეგების ვიზუალიზაციას.
ბოლო ეტაპზე, შესაბამისი მუნიციპალური უწყებების წარმომადგენლებმა გაიარეს გადამზადება შემუშავებული უკუავშირის მოდელების მართვის საკითხებში და დაიწყო პრაქტიკაში დანერგვა.
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ უკუკავშირის მოდელის დანერგვა ფოთის მუნიციპალიტეტში ინოვაციური პროექტია, რომელიც ხელს უწყობს მუნიციპალური მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებას. ეს მოდელი უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების მიღებას მომხმარებელთა რეალური, ობიექტური უკუკავშირის საფუძველზე, რაც არსებითად ზრდის მომსახურების ხარისხს და მომხმარებელთა კმაყოფილებას. გარდა ამისა, უკუკავშირის მართვის სისტემა კოორდინირებულ და ეფექტურ მიდგომას ქმნის, რაც, თავისი მოქნილობით, საშუალებას იძლევა ბევრად იაფი და ეფექტური გზით განხორციელდეს მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და გაუმჯობესება. ამდენად, ინიციატივა საინტერესოა სხვა მუნიციპალიტეტებისთვისაც. ის დაეხმარება ადგილობრივი ხელისუფლებას უფრო დასაბუთებული და მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ადგილობრივ განვითარებას და მმართველობის გაუმჯობესებას.