საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების 2023 წლის ეროვნული შეფასების შედეგების მიხედვით, შეფასების 100%-იან სკალაზე მუნიციპალიტეტების საშუალო შედეგი (LSG ინდექსი) 33%-ია, რაც 5%-ით აღემატება 2021 წლის შეფასების მაჩვენებელს. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ 2023 წლის მონაცემებით LSG ინდექსის ზრდა ფიქსირდება.
მნიშვნელოვანი – ორნიშნა (10% დან – 38%-მდე) ზრდა დაფიქსირდა 18 მუნიციპალიტეტში, ხოლო არსებითი გაუარესება აღინიშნა (10% დან – 32%-მდე) 6 მუნიციპალიტეტში. 2023 წლის შეფასების შედეგებით, პირველი ბლოკის მაჩვენებელი – საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება – 2021 წლის შედეგებთან მიმართებით 7%-ით გაუმჯობესდა (27%-დან 34%-მდე). მაჩვენებლის დაახლოებით მსგავსი ზრდა ფიქსირდება მეორე ბლოკში – ელექტრონული მმართველობა (32%-დან 38%-მდე), ხოლო მესამე ბლოკის – მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა და ანგარიშვალდებულება – მაჩვენებელი პირიქით 4%-ით გაუარესდა და 19% შეადგინა (შემცირდა 23%-დან 19%-მდე).